Monday, March 9, 2009

რა არის წიგნიერება

მოსაღამოვდა. მზის ოქროსფერი სხივები ხის დაბალი სახლების ფანჯრებს აფერადებდნენ და ერთი ღამით ემშვიდობებოდნენ მაღალ მთებს შორის მოქცეულ სოფელს. სიჩუმეს მხოლოდ ნელი სიო არღვევდა. ის ჩალისფერი პურის ყანის თავთავებს არხევდა. ცას ნელ-ნელა წითელი ფერი ერეოდა. ვრცლად გადაჭიმულ ყანებს შორის ვიწრო ბილიკი გადიოდა, რომელიც ღრმა ხრამს უერთდებოდა. არავინ მოისურვებდა ჩაეხედა იმ ჩიტების გულში, რომლებიც დაფრინავდნენ ხევს ზემოთ და დაჰყურებდნენ საზარელ, უკაცრიელ, ცარიელ სივრცეს. ამ ადგილს არ ემჩნეოდა სიცოცხლის ნიშან-წყალი, მხოლოდ ბუს კივილი არღვევდა ნისლით მოცულ მდუმარებას.
Aამ ყველაფრის შემდეგ, რთული წარმოსადგენია ბილიკზე მიმავალი კაცის გამოჩენა. ის თითქოს ვერაფერს ამჩნევდა, ფიქრებში იყო წასული, სახეზე ცივი და სევდიანი გამომეტყველება ჰქონდა. უცბად მას სახე გაუნათდა, თითქოს ბავშვების ხმა შემოესმა, გაახსენდა ახალგაზრდობის პერიოდი, როდესაც მასწავლებელი იყო. ბავშვებს მისი იმედი ჰქონდათ, თვალებში შეჰყურებდნენ, ყოველ მის სიტყვას საგულდაგულოდ იმახსოვრებდნენ. ამის გახსენებამ პედაგოგს გული გაუნათა, წამით დაავიწყდა საკუთარი დარდი, თუმცა მის მახსოვრობაში ამოტივტივდა საყვარელი მოსწავლეების ცრემლიანი თვალები. ისინი მიჰყვებოდნენ ჟანდარმებს, სთხოვდნენ მასწავლებლის გათავისუფლებას. გაახსენდა ზეწოლა, როდესაც ავალდებულებდნენ, თავი დაენებებინა ბავშვებისთვის.
სოფლის სკოლაში საშინელი მდგომარეობა იყო, შენობა მიტოვებულ სახლს ჰგავდა, იქ არ იყო სწავლის სინათლე, თუმცა ეს არავის ადარდებდა. მისი გამოჩენის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ბავშვებს სწავლის მიმართ ინტერესი გაუჩნდათ. წიგნებს კითხულობდნენ, შთაბეჭდილებებს კი საყვარელ მასწავლებელს უზიარებდნენ. მათი ცხოვრება მრავალფეროვანი გახდა. გარემოს სულ სხვა თვალით უყურებდნენ, თუმცა ამის გამო ბევრმა მშობელმა მოაცილა სკოლას შვილი, რადგან წიგნებში თავჩარგული ბავშვები სახლის საქმეს ვეღარ აკეთებდნენ, სოფლის ცხოვრებას კი არა წიგნის ცოდნა არამედ ფიზიკური შრომა ჭირდებოდა. ამის შემდეგ მასწავლებელმა ჩუმი შეხვედრები დაიწყო იმ ბავშვებთან, რომლებსაც სწავლის საშუალება არ ჰქონდათ.
პედაგოგმა სოფლის მმართველობას მრავალჯერ მიმართა თხოვნით, რომ გაეთვალისწინებინათ სავალალო მდგომარეობა სკოლაში და განათლებისთვის მეტი ყურადღება დაეთმოთ, თუმცა დიდი ინტერესით არც აქ შეხვედრიან მის სურვილს, მათაც აწყობდათ ეს სიტუაცია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში იაფი მუშა-ხელი შემოაკლდებოდათ. ასე რომ, პედაგოგს თანამოაზრეებად მხოლოდ მოსწავლეები დარჩა.
მასწავლებლისთვის უცხო იყო არაპატიოსანი საქციელი, წმინდად ასრულებდა თავის მოვალეობას. ასე ფიქრობდა, რომ იქცეოდა იმ საბედისწერო დღესაც. რა ემოცია უნდა დაუფლებოდა მის გულს როდესაც საყვარელი მოსწავლე გასაჭირში დაინახა. მასზე ბევრად უფროსი კაცი ბავშვს უმოწყალოდ ურტყავდა. ისიც რა თქმა უნდა ჩაერია. . .
სასამართლოზე მან აღიარა დანაშაული, თუმცა მოაყოლა, რომ ნებისმიერ ბავშვს აქვს უფლება ისწავლოს, თავად გადაწყვიტოს, საით წარმართოს თავისი ცხოვრების გზა. იქ მყოფთაგან მხოლოდ რამდენიმე მიხვდა, თუ რა კავშირი ჰქონდა ამ სიტყვებს მის მიერ ჩადენილ მკვლელობასთან. სწორედ ერთმანეთს აყოლილი ხალხის ბრალი იყო იმ მოსწავლის საქციელი, რომელიც ქუჩაში დარჩა მშობლების დაუკვირვებლობის გამო. იგი თავს შიმშილით ვერ მოიკლავდა, ამიტომ ჩაიდინა ცოდვა და წაუცდა სხვისი ჯიბისკენ ხელი.
ციხეში ის სულ ჩუმად იყო, არავის ეკონტაქტებოდა, განიცდიდა ჩადენილ დანაშაულს, გაქრა მისი მხიარულება, მისი ცხოვრება გახდა ერთფეროვანი, ხვდებოდა, რომ მისი მიზნები კვლავ განუხორციელებელი რჩებოდა.
ოცი წლის შემდეგ, მას სულ სხვა გარემო დახვდა. ის ციხიდან პირდაპირ სკოლაში წავიდა, თუმცა შემზარავი სანახაობა იხილა: სკოლა საწყობად გადაეკეთებინათ, ჩაბნელებული შენობა სავსე იყო ათასი უსარგებლო ნივთით და დატვირთული ყუთებით. მას მწარედ ჩაეცინა.
ყვავის ჩხავილმა ყოფილი მასწავლებელი გამოაფხიზლა. ის ხრამს მისდგომოდა. პედაგოგი საბოლოო გადაწყვეტილებას იღებდა. ბოლოჯერ მოიხედა და თვალი შეავლო მშობლიურ სოფელს. მისთვის ცხოვრებას აზრი აღარ ჰქონდა, აღარავისთვის იყო საჭირო. ის იყო სიცოცხლეს უნდა გამოსალმებოდა, რომ შემოესმა ხმა: “გია მასწავლებელო, გია მასწავლებელო! შევიტყვეთ თქვენი გათავისუფლების შესახებ, ჩვენ გვინდა მხარში ამოგიდგეთ და ერთად ვიბრძოლოთ, რათა წიგნმა დაიბრუნოს თავისი ფასი და მომავალ თაობებს შესაძლებლობა მიეცეთ განათლების მიღებისა. . .”
გათენდა. მზის კაშკაშა სხივები ხის დაბალი სახლების ფანჯრებს აფერადებდნენ და სიცოცხლეს მატებდნენ მაღალ მთებს შორის მოქცეულ სოფელს. არე-მარეს მრავალფეროვნებას მატებდა ბავშვების ჟივილ-ხივილი, ჩიტების მხიარული ჭიკჭიკი. ნელი სიო ჩალისფერი პურის ყანის თავთავებს არხევდა. ვრცლად გადაჭიმულ ყანებს შორის ვიწრო ბილიკი გადიოდა, რომელსაც ახლად აშენებულ სკოლასთან მივყავართ, სადაც სწავლას მოწყურებული ბავშვები მშობლებს ხელჩაკიდებული მიჰყავთ.
სკოლის შესასვლელთან დიდ მწვანე დაფაზე ვკითხულობთ:

“ნუ დავუნგრევთ ბავშვებს მომავალს!
მათი სვე-ბედის და კეთილდღეობის საწინდარი წ ი გ ნ ი ე რ ე ბ ა ა !”


თამარ შამანაური
თამარ სამნიასვილი

 

პროექტები | 63-ე საჯარო სკოლა | ჩვენ შესახებ